პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 17, 2023
17.11.23 – ზესტაფონი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ფარგლებში, ზესტაფონის სოფელ სვილის N2 საჯარო სკოლაში დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ თემის „ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა“ მიმოხილვასთან ერთად, ნატოსა და ევროკავშირის დაარსების, ფუქნციონირების, მიზნების და პრინციპების შესახებ ისაუბრა; ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგების და პერსპექტივების შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე; მომხსენებელმა, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობას.
პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ მონაწილე პედაგოგმა ნონა ჩხაიძემ, დასავლური ინტეგრაციის შესახებ ახალგაზრდების სწორად ინფორმირების მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში მათი ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა და მათთან ერთად განიხილა ის საკითხები, რომლებიც მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.