პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ტარდება

ივლისი 24, 2023

24-25.07.23 – რაჭა

რაჭაში მიმდინარე, პროექტის „ევროპული არდადეგები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს სემინარები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ჩაუტარეს.

მომხსენებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ინტერაქტიული საგანმანათლებლო შეხვედრის ფარგლებში, ბანაკის მონაწილეებს, ასევე, ვეტერანი მორაგბე გია ნემსაძე შეხვდა და თავისი სპორტული კარიერის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქვეყანაში რაგბის განვითარების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

აღსანიშნავია, რომ პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და მათი ჩართულობის გაზრდას აღნიშნულ პროცესში; ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას.