პროექტის – „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა!
მაისი 20, 2023
20.05.23 – თბილისი
„ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიმართა.
პროექტში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 60 მასწავლებელი მონაწილეობდა.
სემინარის მეორე დღის მომხსენებლები იყვნენ: განათლების ციფრული სახლისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსების პროგრამის მენეჯერი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ინგოროყვა და დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა.
მოწვეულმა ექსპერტებმა საგანმანათლებლო პროცესში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლზე, მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვისა და ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ლექციების დასრულების შემდეგ, პედაგოგებმა ინსტრუქტორებთან ერთად ის თემები დაამუშავეს, რომლებზეც საპროექტო იდეები და პრეზენტაციები შეიმუშავეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
ჯგუფების ინსტრუქტორები იყვნენ: დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების (eTwinning) გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი სოფო ხვედელიძე, ციფრული განათლების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ხათუნა ციხელაშვილი, გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე და სამოქალაქო განათლების ექსპერტ-კონსულტანტი ნინო გვარამაძე.
პედაგოგებმა იმუშავეს თემებზე: „ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა“, „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა“, „კლიმატის ცვლილება – მითი თუ რეალობა“ და „დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები“.
პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებსა და ევროპული ფასეულობების შესახებ პედაგოგების ცნობიერების ამაღლება და კომპეტენციის გაზრდა. შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარები წლის მანძილზე დამოუკიდებლად განახორციელებენ პროექტებს საჯარო სკოლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროექტი უკვე მერვედ ხორციელდება. 2014 წლიდან დღემდე, ჯამში, 750-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა, 400-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და გამარჯვებული პროექტების 50 ავტორი (პედაგოგი) ლატვიასა და ესტონეთს სასწავლო ვიზიტით ეწვია.