პროექტის „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები“ ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 28, 2023

28-29.04.23 – წყალტუბო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის მხარდაჭერით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები პედაგოგებისთვის, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, საგანმანათლებლო დებატ-კლუბების შექმნისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.

პროექტის მიზანია, ერთის მხრივ, ახალგაზრდებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, პედაგოგების უნარ-ჩვევების გაძლიერება.

შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ და „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დებატების ფორმატებზე, გამოსვლების თანმიმდევრობასა და პოზიციებზე.

შეხვედრის დასასრულს მომზადდა გუნდები სადებატო კლუბების შექმნასა და ფინალური ტურნირის ჩატარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე პედაგოგი გადამზადდება კარლ პოპერის „პოლიტიკური დებატების“ (Policy debate) მეთოდოლოგიით. გადამზადებული პედაგოგები ორი თვის მანძილზე, 10 ვორქშოპის ფარგლებში ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სხვა თემებზე იმუშავებენ. ხოლო, პროექტის მესამე ეტაპზე დებატების ეროვნული ტურნირის გამართვა იგეგმება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.