პროექტის „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

ნოემბერი 27, 2023

27.11.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებისთვის, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, საგანმანათლებლო დებატ-კლუბების შექმნისთვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება.

თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებზე, მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსმა ვერა ხაჯალიამ, ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების აქტუალურ საკითხებზე, ინტეგრაციის პროცესსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

პროექტის მიზანია, ერთის მხრივ, ახალგაზრდებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, პედაგოგების უნარ-ჩვევების გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე პედაგოგი გადამზადდება, პოლიტიკური დებატების ფორმატში. გადამზადებული პედაგოგები ორი თვის მანძილზე, 10 ვორქშოპის ფარგლებში ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სხვა თემებზე იმუშავებენ. ხოლო, პროექტის მესამე ეტაპზე დებატების ეროვნული ტურნირის გამართვა იგეგმება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.