პროექტი „ევროპული არდადეგები 2022“ დაიწყო!

ივნისი 21, 2022

პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 200-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა რეგიონიდან ეწვევა კახეთს, სამეგრელოს, აჭარას და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად უკვე მესამე წელია ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.

ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია,რადგანაც ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.