პროექტი „ევროპული არდადეგები“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გამართული ღონისძიებით გაიხსნა
ივნისი 21, 2022
21.06.22 – საგურამო
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, პროექტი “ევროპული არდადეგები” -ს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 200-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა რეგიონიდან ეწვევა კახეთს, სამეგრელოს, აჭარას და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.
პროექტის გახსნაზე, ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ. მომხსენებლებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის შესახებ ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს მზარდ ანტი-დასავლურ პროპაგანდაზე, რომლის მიმართაც ყველაზე მოწყვლადი, სწორედ აღნიშნული სამიზნე ჯგუფია.
თავის მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და ახალგაზრდების სამიზნე ჯგუფის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისთვის ცენტრის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა.
”იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ცოდნით აღჭურვა და ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს”. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ბუჯიაშვილის ლექციით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, მექანიზმებსა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ ილია ჭავჭავიძის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები, სწორედ ევროპასთან ინტეგრაციაში ხედავდნენ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზას.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად უკვე მესამე წელია ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.