პროექტი „ევროპული არდადეგები“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გამართული ღონისძიებით გაიხსნა

ივნისი 25, 2021

25.06.21 – საგურამო

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, პროექტი “ევროპული არდადეგები” -ს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა რეგიონიდან,ე წვევა სათაფლიას, ვანს, ზუგდიდსა და ბათუმს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.

პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა დავით ფაცაციამ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.

ახლაგაზრდებს დასავლურ ღირებულებულებსა და მის ქართულ იდენტობასთან შესაბამისობაზე ესაუბრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი. ლევან გიგინეიშვილმა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ადამიანის პიროვნული თავისუფლება, ტოლერანტობა და ქართული საზრისისა და კულტურის კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა და მისი როლი ქართული საზოგადოების განვითარებაში და იდეოლოგიური კავშირი ევროპულ ფასეულობებთან.

”იმისათვის, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ცოდნით აღჭურვა და ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე პროცესებისა და ხელშესახები სიკეთეების, მაგალითად ევროპული განათლების შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს”. -განაცხადა თამარა წულეისკირმა.
პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად უკვე მეორე წელია ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.