პროექტი “ევროპული არდადეგები” იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებს ეწვია

ივლისი 18, 2022

18-19.07.22 – სათაფლია, ზუგდიდი

გრძელდება პროექტი “ევროპული არდადეგები”. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 250-მდე ახალგაზრდა ამჯერად სათაფლიის ნაკრძალსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეწვია. კულტურული მემკვიდრეობის მონახულებასთან ერთად, მათ ჩაუტარდათ ერთდღიანი სემინარები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.

პროექტში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ.

“ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების -ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და მათი ამ პროცესში ჩართვა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ახალგაზრდები გარდა იმისა რომ თვითონ არიან ინფორმაციის მიმღები, ამავდროულად ისინი არიან ონფორმაციის გამავრცელებლებიც, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.”- განაცხადა თამარა წულეისკირმა.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ბუჯიაშვილის ლექციით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, მექანიზმებსა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე.

პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად უკვე მესამე წელია ახორციელებს, მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობა უკვე 1000-ზე მეტმა დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტი შედგება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებითი კომპონენტისგან. ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობის და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.