პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” მონაწილეებისთვის მოსამზადებელი სემინარები დაიწყო
ოქტომბერი 22, 2020
22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მეოთხე ნაკადის მონაწილეთათვის ტრენერთა ტრენინგის მოსამზადებელი სემინარი დაიწყო.
სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე ლორა ბერგერმა გახსნეს.
„ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი არიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები. მათი ინფორმირება და ჩართულობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიგვაჩნია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ გარდაქმნებისა და ცვლილებების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს საზოგადოებაში. ვამაყობთ, რომ პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ფარგლებში უკვე გვყავს გადამზადებული 100-მდე ახალგაზრდა, რომლებიც თავიანთ რეგიონებში ავრცელებენ ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელის შესახებ სწორ გზავნილებს და ახალი ნაკადის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.“ – განაცხადა თამარა წულეისკირმა თავის გამოსვლაში.
პროექტის მეოთხე ნაკადში მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები როგორც თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, სამცხე ჯავახეთიდან.
პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს ტრენერთა სკოლას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს, ისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, ტრენინგის მონაწილეები გახდებიან თანატოლგანმანათლებელები/მულტიპლიკატორები, რომლებიც რეგიონში გაავრცელებენ ინფორმაციას და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და დასავლური ღირებულებების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საგარეოსაქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის [PITA] ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.