პროექტის „ახალგაზრდები მაღალმთიანი აჭარისთვის“ მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 19, 2021

19.10.21 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „სოლიდარობის თემის“ პროექტის „ახალგაზრდები მაღალმთიანი აჭარისთვის“ მონაწილეებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.