პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 15, 2020

პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის სემინარი ჩატარდა. ახალგაზრდებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

ღონისძიების გახსნაზე ახალგაზრდებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.

“ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების-ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ჩვენთვის არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ”. – განაცხადა თამარა წულეისკირმა.

სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ნატო-საქართველოსა და ნატო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სემინარის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში, სადაც მწერალმა დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებს ქალაქის ისტორიის შესახებ ესაუბრა.