პროექტის „ვიცოდეთ მეტი ნატოს და ევროკავშირის შესახებ“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 5, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, პროექტის „ვიცოდეთ მეტი ნატოს და ევროკავშირის შესახებ“ ფარგლებში, მორიგი შემეცნებითი ონლაინ ღონისძიება გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენები, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და პერსპექტივები, ევროკავშირისა და ნატოს დაარსების ისტორია, მიზნები, ამოცანები და გაფართოების ეტაპები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, ნატოს სამშვიდობო ოპერაციებსა და საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებით საქართველოსთვის მინიჭებულ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, სადაც ახალგაზრდებმა უპასუხეს შეკითხვებს ევროკავშირისა და ნატოს მიზნების, პრინციპების და ფუნქციონირების საკითხებზე, ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო, ციფრულ ფორმატში პერიოდულად აწყობს შემეცნებით ღონისძიებებსა და საინფორმაციო შეხვედრებს, რომელთა მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდებსა და პროფესიულ ჯგუფებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოება.