პროგრამა „მომავლის თაობა-აჭარა“ მონაწილეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 10, 2021

10.05.21 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ბათუმის განათლების, დასაქმების და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, პროგრამა „მომავლის თაობა-აჭარა“ მონაწილეებისთვის შემეცნებითი ონლაინ ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენები გააცნო. მომხსენებელმა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე, ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებსა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოსთვის მინიჭებულ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და პერსპექტივებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლასა და ამ კუთხით გახსნილ შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრის მეორე ნაწილი ვიქტორინას დაეთმო. ახალგაზრდებმა, პრეზენტაციისას მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უპასუხეს შეკითხვებს ევროკავშირის მიზნების, პრონციპებისა და ფუნქციონირების საკითხებზე. ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.