პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული აჭარის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრები ჩატარდა
ნოემბერი 17, 2021

17-18.11.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის ისტორიის, ნატო – საქართველოს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.