პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

ნოემბერი 16, 2021

16.11.21 – გურია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.