ქ. ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 8, 2022

08.04.22 – ფოთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქ. ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებთან გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: ,,საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები-განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ პროცედურულ ნაბიჯებს.

მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ნეიტრალიტეტის საკითხს, როგორც საქართველოსთვის მიუღებელ ალტერნატივას.

ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

ღონისძიებას ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნონა სილაგავა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.