ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 14, 2022

14.07.22 – ფოთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.