ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 22, 2023

22.03.23 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, ოზურგეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მიღწეულ შედეგებზე, საქართველოს ისტორიული არჩევანისა და ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, ასევე, იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე ისაუბრა, რომლებიც უნდა გაიაროს და დააკმაყოფილოს განმცხადებელმა სახელმწიფომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.