ქალაქ ოზურგეთის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 12, 2022

12.10.22 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილ წევრობამდე ქვეყნის მიერ გასავლელ გზასა და ეტაპებზე, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.