ქედის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 18, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულას საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპულ არჩევანსა და პერსპექტივებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, აგრეთვე, ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუციურ მოწყობაზე და მათი მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს. მომხსენებელმა მონაწილეებს ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ისა და Erasmus+ პროგრამის დეტალები და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობები გააცნო. ხაზი გაესვა მოსახლეობაში გავრცელებულ მითებს, ანტიდასავლურ პროპაგანდას, მისი ამოცნობის ხერხებსა და მეთოდებს.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.