ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 30, 2022

30.06.22 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა მადრიდის სამიტსა და ნატო-ს ნორდიკული გაფართოების პერსპექტივაზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის მასალები გადაეცათ.
შეხვედრას, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძეც ესწრებოდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.