ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მაისი 27, 2021
27.05.21 – ქედა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქედის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მასწავლებლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე. მომხსენებელმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.