ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 27, 2021
27.05.21 – დანდალო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ორგანიზებით, სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებსა და კონკრეტულად Erasmus + პროგრამაში ჩართვისთვის მოსამზადებელი ეტაპებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.
შეხვედრას სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე ესწრებოდა, რომელმაც სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.