ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 19, 2021
19.07.21 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. მოსწავლეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, გაცრცელებულ დეზინფორმაციებზე, მათ ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშნელობასა და ფუნქციებზე, აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხეზე.
შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე გაიმართა დისკუსია.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.