ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 13, 2021

13.04.21 – სოფელი ვაიო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროსა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ორგანიზებით, სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე. ასევე, საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.

შეხვედრას ესწრებოდა ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი შავიშვილი, რომელმაც სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.