ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2021

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებისა და ხარაულას საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და შერჩევის კრიტერიუმებით. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გეგელიძეების და ხარაულას საჯარო სკოლების მასწავლებლებიც, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე გამართულ დისკუსიაში და სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს.
ღონისძიება განხორციელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.