ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2022

25.10.22 – სოფელი მახუნცეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და გამოწვევებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ გვანცა ზოიძემ კი, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მონაწილეობის პირობებს, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებს.

შეხვედრის დასასრულს აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.