ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 30, 2023

30.03.23 – სოფელი მერისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

პროგრამა „ERASMUS +“ მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, თამარ შულგამ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ მერისის საჯარო სკოლის დირექტორი ჯაბა ლორთქიფანიძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.