ქობულეთის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 25, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა  წარმომადგენელმა  აჭარაში,  ირმა გაბინაშვილმა, ქობულეთის მე-2 და მე-5 საჯარო სკოლების უფროსკლასელებისთვის  პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“  აქტიურ მონაწილესთან, გიორგი უღრელიძესთან  თანამშრომლობით, ონლაინ შეხვედრა  გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ამ პროცესში არსებულ  გამოწვევებზე ისაუბრა.  ყურადღება გაამახვილდა ანტიდასავლურ  პროპაგანდაზე, მისი ამოცნობის  ხერხებსა და მეთოდებზე. დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, გამოთქვეს მოსაზრებები  ასოცირების შეთანხმებით აღებული   ვალდებულებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულების დინამიკაზე.

მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებულ  დეზინფორმაციულ და ყალბ გზავნილებზე. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა  ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე და პროგრამა   Erasmus+  უპირატესობებზე მიიღეს ინფორმაცია.