ქობულეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ივნისი 9, 2021
09.06.21 – ქობულეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მასწავლებლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობაზე და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობებს, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შეთავაზებებს, მათ შორის პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებს. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომლებიც დეზინფორმაციული ნაკადების გაძლიერებას უწყობენ ხელს. შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა მითებისა და რეალობის კონკრეტული მაგალითები მიმოიხილა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.