ქობულეთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2022
29.03.22 – სოფელი ალამბარი, აჭყვისთავი, წყავროკა და მუხაესტატე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის, აჭყვისთავის, წყავროკასა და მუხაესტატეს საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებით ესაუბრა და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომი ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა იმ პროცედურულ საკითხებზე, რაც უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ და ასევე იმ გზებზე, რაც უნდა გადაიდგას საპასუხოდ ევროკავშირის მხრიდან.
საუბარი შეეხო აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ სხვადასხვა კონკრეტულ პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, ნინო ნოღაიდელი და წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე, რომლებმაც დასავლური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.