ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მაისი 31, 2022

31.05.22 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რა პროცედურებია გასავლელი სამომავლოდ და დღეს რა ეტაპზეა საქართველო. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებს.

შეხვედრას, რომელსაც 55-მდე საჯარო მოხელე, მათ შორის საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციების, სტრუქტურული ერთეულების, დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის პრიორიტებებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და პროაქტიულ კომუნიკაციაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.