ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2022

11.05.22 – სოფელი აჭი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, მაღალმთიან სოფელ აჭის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის პირობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა მსმენელებს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ აჭის სკოლის დირექტორი რუსუდან კაკალაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.