ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 24, 2022

24.05.22 – სოფელი ქაქუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, მაღალმთიან სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობისა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან გამკლავების მეთოდები განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჩხაიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობას.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.