ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 22, 2022
22.09.22 – სოფელი დაგვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელობის, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებული სამომავლო ნაბიჯებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და ნატოს დაარსების ისტორიულ კონტექსტსა და მათი გაფართოების ეტაპებზე.
დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ დაგვას საჯარო სკოლის დირექტორი მაია კიკნაძე, რომელმაც პედაგოგებსა და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა, გამოვლინდნენ ყველაზე აქტიური მსმენელები, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.