ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 14, 2022

14.04.22 – სოფელი წყავროკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.