ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 23, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან“ თანამშრომლობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთისა და აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების უფროკლასელებისთვის ონლაინ სემინარი ჩაატარა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე და საქართველოს ისტორიული არჩევანის გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსებაზე, ფუქნციონირებაზე, მიზნებსა და პრინციპებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და კონკრეტულ შედეგებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ვიზალიბერალიზაციის შედეგად გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.