ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 14, 2021

14.06.21 – ქვედა სამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებას საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების შეთანხმებით ქვეყნის სხვადასხვა სფეროსთვის განსაზღვრულ დღის წესრიგსა და იმ სიკეთეებზე, რაც ამ შეთანხმების ფარგლებში თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან გამკლავების გზებსა და მეთოდებზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკითა და ამ კუთხით საქართველოს პერსპექტივებით, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და შერჩევის კრიტერიუმებით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.