ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 23, 2021

23.09.21 – ქობულეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ბიუროს ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებითა და სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენი ქვეყნისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, კერძოდ – იმ პროგრამებზე, რომლებში ჩართულობაც, თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ERASMUS + საუბრისას კი განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გაცვლითი პროგრამის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმებზე და აღინიშნა, რომ პროგრამის დაფინანსება 2020-2027 წლების პერსპექტივაში საგრძნობლადაა გაზრდილი და შესაბამისად, გაზრდილია მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც.

შეხვედრას, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრის ნინო ნოღაიდელის ინიციატივით გაიმართა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლის დირექტორიც ესწრებოდა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.