ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 9, 2021

09.06.21 – დაბა ოჩხამური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებსა და მეთოდებს.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუტების საქმიანობის სპეციფიკითა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებით. კითხვები, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, შესაძლებლობებსა და შერჩევის კრიტერიუმებს შეეხო.

შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ვერულიძე, რომელმაც სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.