ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 12, 2021
12.06.21 – სოფელი ზედა სამება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ზედა სამებას საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, მასწავლებლებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ სარგებელსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობასა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და სექტორული თანამშრომლობის უპირატესობების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ სხვადასხვა შეთავაზებაზე, მათ შორის პედაგოგებისთვის გათვალისწინებულ გაცვლით პროგრამებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.