ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 3, 2023

03.04.23 – სოფელი გვარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ გვარას საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. პროგრამაში ERASMUS+ მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე, კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ თამარ შულგამ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ გვარას საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩაძე, რომელმაც ახალგაზრდების სწორად ინფორმირებისა და მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.