ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 29, 2022

29.04.22 – სოფელი ზენითი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსენელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების აპრობირებულ პრაქტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს.
შეხვედრაზე სოფელ ზენითის საჯარო სკოლის დირექტორმა ვაჟა ქათამაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.