ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 15, 2022
15.04.22- ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ინიციატივით და ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა და სამაგიდე თამაში NATO&EU გაიმართა.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმებსა და დაახლოების ეტაპებს. ხაზი გაესვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ, იმ პროცედურულ ეტაპებზე რომლებიც, უნდა გაიაროს გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.
ასევე, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს სტაჟიორმა მარიამ რობაქიძემ, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპების შესახებ მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფინანსური დახმარებით სამაგიდე თამაში NATO&EU შეიქმნა. სამაგიდე თამაშის შექმნა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა ინფორმირებულობისთვის“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი. პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავს, მათ შორის საინფორმაციო სახის შეხვედრებსა და სამაგიდე თამაშის მოსწავლეებისთვის გაცნობას.
თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ საჩუქარი გადაეცა.
მიმდინარე პროექტი რეგონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ერთობლივი თანამშრომლომლობითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.