ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 21, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ნატო სტრატეგიულ პარტნიორობასა და გაწევრიანების პერსპექტივებზე. ამავე სკოლის მოსწავლემ თანატოლებს ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიისა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.