ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 28, 2022

28.09.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა სტუდენტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ასპექტებს დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სარგებელზე ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობაზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ ღონისძიებებსა და შემდგომ ეტაპებზე, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

დასასრულს მონაწილეებს ცენტრის თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.