ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 23, 2021

23.09.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა 50-მდე მონაწილესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგიასა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის დახმარების პროექტებს და ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გახსნეს და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.