ქვემო ქართლში ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 15, 2021

15.12.21 – ქვემო ქართლი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქვემო ქართლში, ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგებისათვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა განიხილეს.

საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშილი, მონაწილეებს ნატო-ს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევებზე ესაუბრა.

შეხვედრის მეორე ნაწილში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა და მონაწილეებს ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ყურადღება ასევე გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებზე და ევროპულ ღირებულებებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.