რა დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს და რატომ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ევროკავშირში?
დეკემბერი 28, 2022
ბევრ ჩვენგანს, რომელთაც ზრდასრულ ასაკში მოუწია 1990-იანი წლების საქართველოში ცხოვრება, კარგად ემახსოვრება ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესი სიღარიბე, სამოქალაქო ომი თბილისში, კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალში, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება და სხვა გამოწვევები, რის წინაშეც ყოველდღიურად უწევდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გამკლავება.
მაშინ ევროკავშირი, რომელსაც დღევანდელი სახით ვიცნობთ, არც არსებობდა და მას ევროპული თანამეგობრობა (European Community) ეწოდებოდა. ევროკავშირი (European Union) მას მხოლოდ 1993 წლიდან დაერქვა, როდესაც 1992 წელს ხელმოწერილი ერთ-ერთი უმთავრესი – ეგრეთწოდებული „დამფუძნებელი” მაასტრიხტის შეთანხმება (Founding Treaty) შევიდა ძალაში. ევროკავშირმა სწორედ ამ პერიოდიდან, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანების თავისებურებები შეიძინა.
მაშინ, როგორც ევროპული თანამეგობრობის, ასევე ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება საკმაოდ დაბალი იყო, რადგან არც არსებობდა ინფორმაციის მიღების თანამედროვე საშუალებები და, ზოგადად, ქვეყანაში ძნელად თუ მოიძებნებოდა კონკრეტული პროექტები, რომლებიც ევროკავშირთან იქნებოდა ასოცირებული. მიუხედავად ამისა, სწორედ იმ წლებში დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის პირველი ურთიერთობების დამყარება, რაც საწყის ეტაპზე ფართო გაგებით დასავლურ ინტეგრაციის სახელით იყო ცნობილი. დასავლური ინტეგრაცია არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებთან, არამედ აშშ-თან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების სურვილით გამოიხატებოდა. ასევე, ბევრს შეიძლება აღარ ახსოვდეს, თუმცა ერთ-ერთი პირველი დახმარება, რომელსაც იმ რთულ წლებში ქვეყანა იღებდა სწორედ ევროპული თანამეგობრობიდან (შემდგომ ევროკავშირი) შემოდიოდა. ეს იყო იმ წლებში კარგად ცნობილი ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავდა სურსათს, პირველადი საჭიროების საგნებს და განსაკუთრებით მედიკამენტებს, რომლებსაც აფთიაქებში თუ წააწყდებოდით და მათი ამოცნობა ძალიან მარტივი იყო ლურჯ ფონზე დატანილი 12 ვარსკვლავიანი ევროკავშირის ლოგოთი. ასე მოხდა ევროკავშირის პირველი გაცნობა საქართველოში, რაც ზოგჯერ ისეთ უცნაურ კითხვებსაც აჩენდა მოსახლეობაში, როგორებიცაა: რატომ გვეხმარებიან? ჩვენგან რამე ხომ არ სჭირდებათ? ტყუილ-უბრალოდ ვინ დაგეხმარება, რაღაცაშია საქმე! ბევრისათვის რთულად გასააზრებელი იყო, რომ ევროკავშირი საქართველოს უანგაროდ ეხმარებოდა და რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების დახმარება ევროპული სოლიდარობის და ევროპული ფასეულობების განუყოფელი ნაწილი იყო.
დღესდღეობით საქართველო დიდი ხანია რაც ჰუმანიტარულ დახმარებას აღარ იღებს და ევროკავშირის დახმარების უმთავრესი ნაწილი ისეთ მიზნებზეა ორიენტირებული, როგორიცაა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობა, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ზოგადად, საქართველოს ევროპეიზაცია. მას შემდეგ, რაც საქართველომ პირველი ევროპული ჰუმანიტარული დახმარება მიიღო 30 წელზე მეტი გავიდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული, მთლიანობაში ევროკავშირმა საქართველოში 2,5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები განახორციელა. ევროკავშირის დახმარება ასოცირებულია ისეთ წარმატებულ პროექტებთან, როგორებიცაა ენგურჰესის რეაბილიტაცია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ევროპული სკოლის დაარსება თბილისში, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდგომ 500 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება, რომლის დიდი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლების მშენებლობაზე დაიხარჯა, ასევე 2015 წლის წყალდიდობის შემდგომ 50 მილიონ ევრომდე დახმარება წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად, კოვიდ-პანდემიის პერიოდში 300 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფა, მათ შორის აღჭურვილობის გადმოცემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის და მედიკოსთა გადამზადება, განათლების მხარდაჭერა (Erasmus+), მათ შორის 6000-ზე მეტი სტუდენტის სწავლების დაფინანსება ევროპულ უნივერსიტეტებში, ქართველ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა მობილობების მხარდაჭერა და სხვა მრავალი.
ამის გარდა, ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს ხელშესახებ სარგებელს, რომელიც ევროკავშირთან არის ასოცირებული, უდავოდ შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლა წარმოადგენს. საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, ხოლო მისი უმთავრესი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ესაა ერთ-ერთი ის სიკეთე, რომლითაც უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს და შეიგრძნოს საკუთარ თავზე. უვიზო მიმოსვლას გააჩნია მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისათვის. ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიზა ლიბერალიზაციის და გაზრდილი მიმოსვლის შედეგად შესაძლებელი გახდა ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოსვლა ბაზარზე, რაც ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ ტურისტული მიზნით იმოგზაურონ ევროკავშირში, არამედ გამოიყენონ ის ახლობლების მონახულების, სამედიცინო მომსახურების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების, ბიზნეს კონტაქტების დამყარების და სხვა მიზნებისათვის.
ამის გარდა, მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგის სივრცესთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მობილურის სიმ-ბარათის შეცვლა და ისარგებლებენ ევროკავშირის როუმინგის სივრცეში არსებული შეღავათიანი ფასებით განხორციელებულ ზარებზე. საბანკო სფეროში წარმატებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირი იხილავს საქართველოს ევროკავშირის ერთიანი გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქართულ ბანკებს მიეცემათ საშუალება, რომ ჩაერთონ სისტემაში და შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის შემცირდეს ტარიფები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან საქართველოში ფინანსური გადარიცხვებზე.
დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების მსგავსი (სტაბილიზაციის და ასოცირების) შეთანხმებების გაფორმების თაობაზე, ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ერთ დღეს საქართველოც გახდებოდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, მათ შორის ქართულ პროდუქციას გაეხსნებოდა ევროკავშირის ერთიანი ბაზარი და ქართული კომპანიები ნულოვანი ტარიფით შეძლებდნენ საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ევროკავშირში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელმოწერიდან დღემდე ევროკავშირში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირი საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის ბაზრის გახსნამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს ღვინის და თხილის, როგორც ხარისხი ასევე საექსპორტო მოცულობები. საქართველომ დაიწყო ისეთი პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, როგორებიცაა ქართული კივი, ლურჯი მოცვი, ნატურალური ჯემები, წვენები, მწვანილი, ხილის ჩირი, ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული თაფლის ხარისხი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია წარმატებით იყიდება ევროკავშირის ბაზარზე. დამატებით, ევროკავშირში პოპულარობით სარგებლობს ქართული მატყლი და ლოკოკინა, რომლის მოშენება სულ რამდენიმე წელიწადია რაც დაიწყეს ქართველმა ფერმერებმა.
საქართველოს გარდა არცერთ მეზობელ ქვეყანას არ გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, რაც საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისათვის ბევრად მიმზიდველ ლოკაციად აქცევს. კერძოდ, საქართველოში ინვესტირების და ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ინვესტორს ეძლევა საშუალება, რომ ნულოვანი საბაჟო ტარიფით გაიტანოს პროდუქცია ევროკავშირის 450-მილიონიან ბაზარზე. ამის გარდა, წლების განმავლობაში წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოში არსებული დაბალი გადასახადები, მოქნილი სახელმწიფო სერვისები, მათ შორის, ბიზნესის კეთების სიმარტივე საქართველოს უცხოური ინვესტიციებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს რეგიონში.
მიმდინარე წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. კერძოდ, საქართველოს კომპანიებისათვის გაიხსნა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებში და შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში უმსხვილეს ბაზარს. საგულისხმოა, რომ ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი შემსყიდველი ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურებას დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. შედეგად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს უდიდესი ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსათვის, მათ შორის ჩვენი პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის, ეროვნული წარმოების გადაიარაღების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.
რაც შეეხება ევროპული საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნასთან დაკავშირებით, ეს რთულად წარმოსადგენი იყო თუნდაც ერთი წლის წინ, თუმცა, ამჟამად, ეს რეალობაა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ და ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა – საქართველოს ევროკავშირში წევრობა უკვე არის რეალობა – ეს არის შეუქცევადი პროცესი და ერთ დღეს, საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
ბლოგის ავტორი:
დავით ბუჯიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი